საქართველოში გამოვიდა ლეილა ალიევას წიგნი - „საწუთრო სიზმარივით ილევა“
საქართველოში გამოიცა ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტის, პუშკინის „ოქროს მედლის“ მფლობელისა და აშშ-ს საქველმოქმედო საზოგადოების „სიცოცხლის გასაღების“ (“Key to life”) პრემიის ლაურეატის ლეილა ალიევას ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნი - „საწუთრო სიზმარივით ილევა“.
წიგნში, რომელიც მდიდარი ლიტერატურული ტრადიციებით გამორჩეულმა გამომცემლობა „მერანმა“ გამოსცა, შესულია პოეტის 100-ზე მეტი ლექსი. მათშორის "ღამე", "არ მჯერა", "პოეტი", "სიყვარულის მონა", "იმედი", "რაა ცხოვრება, რაა სიკვდილი?", "ჩემი ტვირთი", "ზოგჯერ სევდა რომ მეუფლება მე ვერა ვტირი“ და სხვა გამორჩეული ნაწარმოებები.
ლექსები ქართულ ენაზე თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო გამოჩენილმა ქართველმა პოეტმა, ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონ ტაბიძისა და ანა კალანდაძის პრემიების ლაურეატმა, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა.
წინასიტყვაობა
ფრთებს ვიტოვებ
ადამიანი გენეტიკური ყულაბაა და მასში წვეთ-წვეთობით გროვდება მამა-პაპათა ყველა თვისება: კარგიც და ავიც, ღვთიურიც და მიწიერიც.
სწორედ წინაპართაგან ერგო ლეილა ალიევას ნიჭიერებაც და უმშვენიერესი გარეგნობაც, მადლის ქმნის უნარიც და პირველობის ხიბლი თუ ტვირთი. დიახ, ყველა მადლი, რასაც უფალი უნაწილებს თავის რჩეულებს მარტოოდენ სიცოცხლის ძვირფასი სამკაული როდია, ის მძიმე ტვირთიცაა, მით უმეტეს იმ ქალბატონის მხრებისთვის, ვისაც მამა-უფალმა არაერთ ტალანტთან ერთად პოეტური ნიჭიც უბოძა, პოეტური ნიჭი ანუ სევდა, რაც ჭეშმარიტი პოეზიის საფანელია.
ტვირთის შესამსუბუქებლად კი ფრთები, ფრთებია საჭირო:
გჩუქნით ზაფხულს და მე ფრთებს ვიტოვებ,
ჩემთვის ფრენაა, იცით, მთავარი,
რადგანაც მხოლოდ ოცნებით ვცხოვრობ,
თქვენს თვალში მიტომ ვჩანვარ თამამი“.
იქნებ სწორედ ტვირთის შესამსუბუქებლად ევედრება მფარველ ანგელოზებს ამ მთრთოლვარე სტრიქონებით:
„ანგელოზებო, ნუ მიმატოვებთ,
თორემ დაჭკნება სულში ყვავილი,
როცა სიზმრებში გზა ამებნევა,
ისე, უბრალოდ, გვერდს ნუ ამივლით“.
ინდოთა სიბრძნეა: - თუ გწამს, თუ გიყვარს, თუ იტანჯები, შენ ადამიანი ხარ“. თუ ამ სამებას ნიჭიერებასა და სილამაზესაც დავამატებთ, ლეილა ალიევას პორტრეტს მივიღებთ, პორტრეტს, რომელსაც თავად პოეტი არაერთი ლექსით ძერწავს, ხატავს ყოველგვარი შელამაზების, ფერუმარილის, ნიღბის გარეშე. ტილოს ცენტრალურ ადგილად თავად დგას. ფონი კი ყოველ ლექსში იცვლება, ხან მზის ათინათი დასთამაშებს, ხან მთვარის მაცდური შუქი, ხან ფარშევანგის ულამაზესი ბუმბულითა და კუდითაა მოხატული, ხან ფარვანას ცეცხლისგან შეტრუსული ფრთებით, პოეტი ქალბატონი თავადაა ლექსების ავტორიც და გმირიც, ნახატის ფონზე მოციაგე მზის სხივიც და სიყვარულისთვის ცეცხლის მოჯადოებულ წრეში მოფარფატე ფარვანაც:
ასე ნუ ჩქარობ, მშვენიერო ჩემო ფარვანა,
მარტო სული ხარ შენც ჩემსავით?
მითხარ სიმართლე!
ო, რა სინაზით ცეკვავ ახლა სიკვდილის ცეკვას,
დაუმეგობრდე, მიეახლო გინდა სინათლეს...
არა, გაფრინდი, ასეთ ყოფას რაღა ფასი აქვს
და ანაცვალე თვით სიცოცხლე წამებს ვნებიანს,
ლექსის სტროფები მიმოფანტე დამწვარი ფრთებით,
ასე ცოცხლობენ პოეტები, ასე კვდებიან“.
წერს, წერს შეუსვენებლად.
თითქოს სურს, დროს გაასწროს, „დროს, რომელმაც დრო მოჰპარა“. სიტყვებით ხატავს მარადიული ქალის რთულ და გასაოცარ პორტრეტს, მერე კი სურათის ჩარჩოებიდან გადმოდის მართალი და შეუცნობი, ახლობელი და მიუწვდომელი, ძლიერი და ამავდროულად ისეთი შეშინებული, თითქოს სულ ახლახანს გამოაძევეს სამოთხის ბაღიდან, გადმოდის სურათიდან, რადგან როგორც თავად წერს:
„ვერ ვგუობ წესებს, ჩარჩოებს,
დამტოვეთ თავთან მარტო,
ჩემს სულს სილაღე სწყურია,
თავისუფლებას ნატრობს“.
ლექსი სიხარულისა და ტკივილის, წრფელი გრძნობებისა და თამაშების, გულუბრყვილობისა და სიბრძნის, რეალობისა და სიზმარ-ცხადის ნაზავია. ის ათას კითხვას შეიცავს. კითხვა ყველა სწორია, პასუხი კი ყველა პირობითი:
„ათასი კითხვა მეხლება გულზე,
და ვიმეორებ: სად, როდის, რატომ?“
ანდრე მარლო წერდა: „მთავარი ის კი არ არის, რომ ყველაფრის პასუხი მოიძებნოს, არამედ ის, რომ შეკითხვები არ გამოილიოს“.
არც ილევა უპასუხო შეკითხვები ლეილა ალიევას მშვენიერ კრებულში:
„თუ მუდამ ვცოდავთ, რა ფასი აქვს მონანიებას,
თუ ვინანიებთ, რატომ გვაკრთობს უფლის სასჯელი,
ან იქნებ შენი არეული გზა და სვე-ბედი,
არ არის ჩემი განსაკითხი და განსასჯელი“.
თუ აპოლინერის სიტყვებსაც გავიმეორებთ: „პოეზია ძახილებისგან დაგრეხილი თოკია“. სწორედ ამ თოკით ეზიდება ლეილა ალიევა ცნობიერების ფსკერიდან სიკეთის წყალს, რომელიც სურს, ყველას თანაბრად გაუნაწილოს, კარგად იცის, რომ დაჭრილი სულის უებრო მალამო ნუგეშის სიტყვა და მიტევებაა:
„გთხოვთ, რომ ერთმანეთს აპატიოთ ძველი ცოდვები,
ხალხო, შენდობა არასოდეს არის გვიანი,
ყველაფერს ვხედავ, როცა თვალებს სიმწრითა ვხუჭავ,
ადამიანო, შეიყვარე ადამიანი“.
ყველაფერი, რაც საგულისხმოა და ამაღლებული მარტოოდენ ერთი ადამიანის ან ერთი ქვეყნის კუთვნილება როდია. ის ყველასია და მზის სხივივით ყველაფერს თანაბრად ეფინება.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ლეილა ალიევას მშვენიერი ლექსების თარგმნა და დიდი პოეტური ტრადიციების მქონე ქართველი მკითხველისთვის მისი შეთავაზება:
„მე აჩქარებით ვწერ ამ სტრიქონებს,
არად დაგიდევთ მძიმეს და წერტილს,
რითმების ჯვარზე გაკრულ ტკივილებს
ვიცი, რომ ფასი არა აქვს თქვენთვის“.
ეს სიტყვები შენ არ გეხება, ქართველო მკითხველო, შენ „მგოსანთა მხარის“ ბინადარო, ვინ-ვინ და ყველაზე კარგად ხომ შენ იცი, „რითმების ჯვარზე გაკრული ტკივილების ფასი“ და ისიც იცი, რომ: „თურმე მჩატე არის ტვირთი, უფლის თითებშენახები“.
ვიცი, ვიცი, რომ ყველაფერი ჩემზე უკეთ უწყით. ამ იმედით გთავაზობთ ლეილა ალიევას ახალ პოეტურ კრებულს „წამი და მარადისობა“.
მაყვალა გონაშვილი
საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.
-
ვაგიფ ბაიათლი ოდერის შემოქმედება არგენტინის ლიტერატურულ პორტალში
არგენტინის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Antología poética” (პოეტური ანთოლოგია) სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის "აზერბაიჯანული
-
რასულ რზას შემოქმედება აშშ-ს ლიტერატურულ პორტალში
პოპულარულმა ამერიკულმა ლიტერატურულმა პორტალმა "Poetryverse"-მ "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" პროექტის ფარგლებში