ლეილა ალიევას წიგნი უკრაინაში გამოიცა
კიევში გამოიცა ახალგაზრდა, ნიჭიერი აზერბაიჯანელი პოეტის ლეილა ალიევას წიგნი - „საწუთრო სიზმარივით ილევა“.
წიგნი, რომელიც მდიდარი ლიტერატურული ტრადიციებით გამორჩეულმა გამომცემლობა „ Yaroslavov Val “ გამოსცა, უკრაინულ ენაზე თარგმნა ცნობილმა უკრაინელმა პოეტმა და მთარგმნელმა, ფილოლოგმა მეცნიერმა ლესია მუდრაკმა. წიგნის რედაქტორია ტარას შევჩენკოს ეროვნული პრემიის ლაურეატი, მწერალი გრიგორი ჰუსეინოვი.
გარეკანის დიზაინში გამოყენებულია ლეილა ალიევას საავტორო ნახატები.
წინასიტყავაობა
ტკივილის მხატვრულ სიტყვად გადაქცევის ნიჭი
ძვირფასო მკითხველო! ეს წიგნი, რომელსაც „საწუთრო სიზმარივით ილევა“ ეწოდება, ლეილა ალიევას, ახალგაზრდა, ნიჭიერ აზერბაიჯანელ პოეტს ეკუთვნის, მისი შემოქმედება კარგადაა ცნობილი არა მხოლოდ კავკასიელი მკითხველებისთვის, არამედ ევროპელი პოეზიის მოყვარულებისთვისაც.
პოეტის საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პირველი წიგნი გახლავთ ლექსების კრებული "სია", რომელიც 2016 წელს გამოიცა მინსკში (ბელორუსიულ ენაზე). ამავე სახელწოდების წიგნი ინგლისურ ენაზე 2018 წელს ლონდონში იქნა წარდგენილი.
ეჭვგარეშეა, რომ უკრაინელი მკითხველი კარგად იცნობს აღმოსავლეთის ამ ქვეყნის უძველეს და ცნობილ პოეტურ ტრადიციებს, რომელთა ისტორიული დისკურსი ღრმად არის ფესვგადგმული. აზერბაიჯანში მამაკაცურ პოეზიასთან ერთად, ქალთა პოეზიის ტრადიციები, რომლებიც თანაბარ პირობებში ვითარდებოდა, ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. კლასიკური აზერბაიჯანელი პოეტი, მშვენიერი ღაზალების ავტორი მაჰსათი განჯევი, გახლდათ დიდი ომარ ხაიამის თანამედროვე. აზერბაიჯანში უძველესი დროიდან არსებობდა ლიტერატურული მიმდინარეობა, სახელწოდებით "აშუღური ხელოვნება", სადაც ქალი პოეტები ყოველთვის შემოქმედებით კონკურენციას უწევდნენ მამაკაც პოეტებს. აქ საუბარია სასიყვარულო ტექსტებზე. ამრიგად, სიტყვა "აშუღი" უკრაინულად ითარგმნება როგორც "შეყვარებული". აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აშუღი-პოეტია აღაბეიმ აღაბაჯი, ჰეირან ხანუმი, ფატიმა ხანუმ ქამინა და სხვები. შემთხვევითი არ არის, ქალთა პოეტური მემკვიდრეობის უნიკალური გულწრფელობა და სიწმინდე, რომელიც აზერბაიჯანის აღმოსავლური ტრადიციების დელიკატური ფარდით არის შენიღბული. რა თქმა უნდა, პოეტური სტილები დროთა განმავლობაში იცვლება, მაგრამ უძველესი დროის მარადიული მხატვრული თავისებურებანი თანამედროვე სალიტერატურო პროცესშიც ინარჩუნებს ორიგინალობასა და განუმეორებლობას.
ლეილა ალიევას წიგნის ჩვენს ენაზე თარგმნის დროს მაქსიმალურად ვცდილობდი შევსულვიყავი ავტორის არსში, რათა მისი შემოქმედებითი მონოსპექტაკლის ერთგვარი "შემსრულებელი" ვყოფილიყავი. მართალი გითხრათ, ეს არ იყო მარტივი სამუშაო, თარგმნის პროცესმა რამდენიმე თვე გასტანა. მეტრული პოეზიის ტრადიცია XVIII საუკუნიდან იღებს სათავეს, სამწუხაროდ, დღეს იგი თითქმის დაკარგულია. სილაბოტონიკის ძირითადი პრინციპები (ბერძნ. "Syllabe" - შიდთავსი, ტონუსი - სიტყვაზე მოსული მახვილი) ემყარება რიტმული ჰარმონიის შექმნას, რომელიც ლექსში მეორდება ხაზგასმული და დაძაბული სიმბოლოების დაყოფით. ტექსტის სტრუქტურა აქ არსებითად განმსაზღვრელია და საჭიროა ნორმების დაცვა, რომლებიც ამ სტრუქტურას ქმნის. ეს მთარგმნელის უმაღლესი მოვალეობაა. გარდა ზემოაღნიშნულისა, ორიგინალთან მომუშავე მთარგმნელს უნდა შეეძლოს შინაგანი დრამის, ემოციური თავისებურებების და მთლიანად ნაწარმოების მთავარი სიუჟეტის გადმოცემა.
ვინ არის ლეილა ალიევას ლირიკული გმირი? ჩემი აზრით, ეს არის უკიდურესად მგრძნობიარე გულის ქალი, გამორჩეული რომანტიკული ბუნებით, რომელსაც შეუძლა დაინახოს, ის რაც უბრალოებაშიც კი განსაკუთრებულია, უფრო მეტიც, ის ალტრუისტია - მას სჯერა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ზეციური ძალების განგებითაა მოწესრიგებული, რომ მხოლოდ ღმერთმა იცის კაცობრიობის ყველა საიდუმლო, რომ ის მიმტევებელია და ადამიანთა გულებს ყოველთვის წარმართავს ღვთიური სიყვარულის ნათელ გზაზე. დიახ, მას ეს გულით სწამს.
ლეილას შემოქმედება სიუჟეტური, მრავალმხრივი და გარკვეული გაგებით მეტაფორულია. ამ გაგებით, მის ლექსებს აქვს თხრობის სტილი, რომელიც ტიპიურია დიდი ლექსებისთვის. წიგნში შეტანილი ლექსების კლასიფიკაცია შესაძლებელია შემდეგ თემებზე იქნას დაყვანილი: "სიყვარული", "სამშობლო", "ფილოსოფია". ამავე დროს, შესამჩნევია, რომ ეს განსხვავებული თემები ორგანულად არის ურთიერთშერწყმული და ქმნის ავტორის ინდივიდუალური სტილის მთლიან სურათს.
მოუმზადებელ მკითხველს, რომელიც ამ წიგნს აიღებს ხელში, შეიძლება უნებლიედ გაუჭირდეს ღრმა ქვეტექსტების გაგება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ახალგაზრდა პოეტის შინაგანი სამყარო იხსნება კლასიკური თავშეკავებული სტილით, სინამდვილეში, ყველა ამ ნაწარმოებს შეფარულად გასდევს მარადიული შექსპირული კითხვა „ყოფნა? არ ყოფნა? საკითხავი აი ეს არის".
აზერბაიჯანის სახალხო მწერალი აფაგ მესუდი ლეილა ალიევას წიგნის წინასიტყვაობაში წერს: „ღვთიური სიყვარულითა და მადლით გაბადრულ ამ სამყაროს ისე ვერ მიატოვებ, რომ არ დასველდე, არ შეგცივდეს და არ გაგაჟრჟოლოს; შეუძლებელია იქაურობა მშვიდად მიატოვო...“ ამავე დროს იგი დარწმუნებულია: „ნიჭი იმისა, რომ ტკივილი მხატვრულ სიტყვად აქციო, ყველას არ ეძლევა“.
მართლაც, ახალგაზრდა პოეტის ლექსებში ტკივილი არის მთავარი ონტოლოგიური საზომი ერთეული და ამ ტკივილის დამალულ არსს ალეგორიები და მეტაფორები ავლენენ:
სულ შენთვის ხარ, მარტოდმარტო,
მშვენიერო, შავო გედო,
შეიძლება დავიწყებულ,
უარყოფილ სულს რომ ვენდო?
გაელვება წარსულ დღეთა
და მრავალი მოგონება,
ათასობით ტრფობის ფიცი
მდინარეში იძირება.
იქნებ უნდათ იქ, აჩრდილებს,
ფსკერზე მშვიდად მიძინება,
მზის დარი ხარ, შავო გედო,
ალამაზებ წუთისოფელს,
მშვენიერი წუთებისთვის
შემოგწირავ სამადლობელს.
სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა პოეტი, მისი თანამედროვეების უმეტესობისგან განსხვავებით, არ გახლავთ ურბანული მგოსანი. ლეილა კარგად იცნობს ბუნებას, მის შვებისმომგვრელ არსსა და მთელი ცოცხალი სამყაროს ეგზისტენციალურ ფორმულას.
მიუხედავად იმისა, რომ ლეილა ალიევას ლექსები შეიცავს შთაბეჭდილებებს, რომლებიც მიღებულია სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში მოგზაურობისას, აზერბაიჯანისადმი უსაზღვრო სიყვარული მის შემოქმედებას წითელი ხაზივით გასდევს:
შენზე რამდენი სიმღერა და ლექსი შექმნილა,
ვის ძალუძს, სრულად რომ აღწეროს შენი მშვენება,
შენზე მშობლიურს და ახლობელს ვერსად ვიპოვი,
უშენოდ ნეტა რა მეშველება.
კასპიის სუნი და ქალაქის ქუჩაბანდები,
ხაზრს და გალავანს მზის ვარაყი რარიგად შვენის,
უცხოელ სტუმრებს ვეღარ იტევს ძველი ქალაქი,
ო, ჩემო ბაქო, მშობლიურო, მარად ვარ შენი.
ზოგჯერ ადამიანს ისეთი შტაბეჭდილება უჩნდება, რომ ლეილას გმირი ქალი დაუღალავად ეძებს ბედნიერებას, რომელიც ფორმის თვალსაზრისით მარტივი, შინაარსობლივად კი რთულია. ამის საუკეთესო მაგალითად შეიძლება დავასახელოთ შემდეგი ლექსები "გაჩერება", "ლოდინი", "ჩუმად ველოდები", "წითელი ავტობუსი, რომელიც ჯერაც არ ჩანს ..." წითელი ავტობუსი, რომელიც ოცნების ფერებშია გახვეული და მას ყოველ საღამოს მყუდრო სახლში აბრუნებს...
იყო საღამო მშვიდი და წყნარი,
მომიკაკუნა სევდამ კარებზე,
სტუმარს ღიმილით უნდა დახვედრა,
არც ერთი სიტყვა სიმწუხარეზე.
მობრძანდი, ჩაის ხომ არ ინებებ,
ამ მურაბაზე არ თქვა უარი,
გადაივიწყე სევდავ, გთხოვ, სევდა,
მაგის დროც მოვა, დღეს ხარ სტუმარი.
გამთენიისას მეტყვი: - ნახვამდის
და საღამოთი ვიცი, კვლავ მნახავ,
მაგრამ თუ ისევ იქნება თავსხმა,
ჩემთან დარჩები და არსად წახვალ.
თუ იცი, სევდავ, დღეს არც გელოდი,
ჩვენს კამათს არა, არ უჩანს ბოლო,
ორი ფინჯანი დავდგი ჩაისთვის,
რადგანაც მუდამ ლოდინით ვცხოვრობ.
რომ არ მჯეროდეს, მოინანიებ,
მართლაც რომ ვიყო, სევდავ, თავხედი,
არ დავკარგავდი დროს შენთან ყოფნით,
გარეთ კინწისკვრით გაგიძახებდი.
მსურს, დავამსხვრიო ყველა საათი,
ქარს გავატანო დარდი ფარული,
რადგანაც გინდა იყო სტუმარი,
სევდავ, მომგვარე მე სიხარული.
ლეილა ალიევას წიგნი წარმოადგენს წუთისოფლის ამაოებით გამოწვეული გრძნობებისა და ემოციების დრამატულ გამოხატულებას. ამ პოეტური ლიტერატურული მემკვიდრეობის სისადავე და ბუნებრიობა ქმნის უცნაურ ერთიანობას სიტყვის დასაბამიერობასთან მიმართებაში. ეს წიგნი, რომელიც თავისი დროის ახალი თაობის და ახალად დაბადებული განსხვავებული თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილია, მოგვითხრობს რომელიღაც ისტორიისმიღმიურ, უფრო სწორად, პრეისტორიულ უნივერსალურ კოსმოსურ ემპირიებზე ...
როდესაც ქარი წარსულის დღეებს
წაიღებს, უცებ გაანიავებს,
ნუ ეძებ სხვაში ნუგეშს და შვებას,
ვინ დაგავიწყებს ცრემლს და იარებს.
თუნდ გასავლელი გქონდეს მარტოსულს,
დამრეცი გზები, ბეწვის ხიდები,
თუნდ იყო მარტო ამ პლანეტაზე,
შენთან არს ღმერთი, ნუ შეშინდები.
ლესია მუდრაკი,
პოეტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე,
უკრაინა
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.