ცნობილი ქართველი პოეტის ლექსები აზერბაიჯანულ ენაზე
აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა აზერბაიჯანულ ენაზე გამოსცა ცნობილი ქართველი პოეტის ბელა ქებურიას ლექსების კრებული - „მოციმციმე სხივები“.
წიგნში პოეტის 110-ზე მეტი ლექსია თავმოყრილი
ლექსები ქართულიდან თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო იმირ მამედლიმ, კრებულის რედაქტორი მაჰირ გარაევია.
იმირ მამედლი
„წვეთების ენით“
თანამედროვე პოეზია შინაგანი იმპულსის თვალსაზრისით პირობითად ორ მიმდინარეობად შეიძლება დაიყოს, მათგან ერთი რაციონალურ ცოდნას, მეორე კი ინტუიტურს ემყარება.
სანამ მათ მნიშვნელობას ავხსნიდეთ, საჭიროა, გავარკვიოთ: რა არის ცოდნა? როცა პოეტურ ცნობიერებაზე ვლაპარაკობთ, ცოდნის, ანუ მახსოვრობის რომელი სახეობა გვაქვს მხედველობაში? დიდი ფრანგი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ანდრე ჟიდი ამბობს, რომ ის, რაც დღემდე ცოდნა გვეგონა, სულაც არაა ცოდნა, ეს უბრალოდ, ამა თუ იმ მოვლენის შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციაა.
ნამდვილი ცოდნა კი ისაა, რაც ცხოვრების მანძილზე ადამიანის სულსა და გულშია დალექილი და მხატვრული წიგნისა, თუ შესაბამისი სიტუაციის გავლენით ფენებად იხსნება. ცოდნის სიღრმეც ამ ფენების რაოდენობით შეიძლება განისაზღვროს.
და ეს ფენები მხოლოდ თვითშემეცნებისა და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებით ყალიბდება. ახლა კი დავუბრუნდეთ მთავარ თემას.
რაციონალურ ცოდნაზე დამყარებული ლექსი თავის ობიექტსა და ავტორის სულში აზვირთულ გრძნობა-განცდებს აღწერს, ცდილობს, მხატვრული სახეებისა და მეტაფორების მეშვეობით გავლენა მოახდინოს მკითხველზე. ამ შემთხვევაში უპირატესობა ეძლევა არა გულის ძახილს, არამედ გონებისა და ცნობიერების ხმას. ამ თვალსაზრისით აზერბაიჯანული პოეზია მისი ეპიკურობის ხანიდან წმინდა ლირიკულობის პერიოდამდე თამამად შეიძლება რაციონალური პოეზიის ნიმუშად ჩაითვალოს.
პოეზიაში კი, რომელიც ინტუიტურ ცოდნას ემყარება, მდგომარეობა ამის საპირისპიროა. აქ ავტორი აქცენტს აკეთებს არა პოეტურ ობიექტზე, არამედ, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმ სიტუაციაზე, რომელიც თავისი მდინარებით ამ ობიექტს მთლიანად მოიცავს და ცოცხლად წარმოგვიდგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ავტორი მოვლენებს გულის თვალით ჭვრეტს და უპირატესობას აძლევს რენტგენის სხივისმაგვარ ვიზუალობას. ამგვარი პოეტური გამოცდილების ნიმუშებს წარმოადგენს იაპონური, ჩინური, თანამედროვე ევროპული და მოდერნისტული თურქული ლექსი.
ბელა ქებურია რაციონალურ ცოდნაზე დამყარებული პოეტური მიმდინარეობის ბრწყინვალე წარმომადგენელი გახლავთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი ტრადიციული ქართული ლექსის ერთგული მიმდევარია. ალბათ, მკითხველი მიხვდა, რომ აზერბაიჯანულ პოეზიასავით ქართული პოეზიაც რაციონალურ ცოდნაზე დამყარებული პოეტური საუნჯეა.
ქალბატონი ბელა ლიტერატურულ ასპარეზზე 80-იან წლებში გამოვიდა. იმ წლებში ქართულ პოეტურ სამყაროში ფართოდ იყო გავრცელებული ახალი ინტონაციისა და პოეტური ფორმის ძიების ტენდენცია, რომელიც ჯერ კიდევ 60-იან წლებში დაიწყო. ამგვარი მისწრაფება ახალგაზრდებში უფრო მკვეთრად იყო გამოხატული. თუმცა ბელა ქებურიამ, როგორც გითხარით, უპირატესობა ტრადიციულ ქართულ ლექსს მიანიჭა, თავისი შემოქმედება ამ თარგს მოარგო და ბოლომდე მისი ერთგული დარჩა.
როგორც ჩანს ადამიანის ცხოვრების წესსაც ქვეცნობიერში დალექილი თავისებურებები განაპირობებს. ტრადიციისადმი ერთგულება ქალბატონი ბელას შემთხვევაში მხოლოდ ლექსით როდი შემოიფარგლება. იგი ერთგულია ყველა ქართული ტრადიციისა, მათ შორის მრავალსაუკუნოვან წარსულში ფესვგამჯდარი ოჯახური ტრადიციებისა. აქ ერთი ლირიკული გადახვევა მინდა გავაკეთო. ერთხელ რაღაცაზე ვსაუბრობდით. უეცრად ბელამ თვალები შორეთს მიაპყრო და თქვა ფრაზა, რომელიც ჩვენი საუბრის თემიდან არც კი გამომდინარეობდა, უფრო სწორად კი არ თქვა, თავისთვის ჩაიჩურჩულა: „ღმერთს ერთ რამეს ვთხოვ, თავი მკერდზე მივადო თემურს (თემური ბელას მეუღლე გახლავთ) და მისი სუნთქვა სახეზე ნიავივით მესალბუნოს.“ ბათუმში, წვიმების ქალაქში მათ მყუდრო ბუდე აქვთ, და ამ სახლში ის ნიავი ყოველთვის ქრის...
ბათუმი არც თუ დიდი ქალაქია. თუმცა არც ისე პატარაა, რომ ყველა ერთმანეთს იცნობდეს. ბელა ქებურიას კი ყველა იცნობს ამ საპორტო ქალაქში. მასთან ერთად რომ ქალაქში გახვიდე და სადმე მიგეჩქარებოდეს, 15 წუთიანი გზის გასავლელად სულ ცოტა 1 საათი დაგჭირდება, რადგანაც ამ მშვენიერ ქალბატონს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ნაცნობები ხვდებიან, ესალმებიან, გულით მოიკითხავენ და კიდევ და კიდევ ეუბნებიან, რომ იგი ძლიერ უყვართ, როგორც გამორჩეული პიროვნება და პოეტი. ზოგჯერ შეიძლება გაგიმართლოთ და წვიმიანი ამინდი იყოს, აი მაშინ კი მალ-მალე შეყოვნება არ მოგიწევთ. საბედნიეროდ ამ ქალაქში ხშირად წვიმს:
წვიმს. ზღვაზე ზღვაურს მიაწანწალებს
ტალღა- ტალღაზე დანახეთქები,
გავხედავ ქალაქს, ციცქნა აივნებს
გამოუბიათ წვიმის ფეხები.
(წვიმს)
ერთხელ გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა ნაირა გელაშვილმა თქვა: „ზოგჯერ მგონია, რომ უფალს ის უფრო უყვარს, ვინც მას ეძებს, ვიდრე ის, ვისაც ჰგონია, რომ იგი უკვე იპოვა.“
ბელასათვის უზენაესი შემოქმედისა და ადამიანის თემა მშობლიურ თემათაგანია. ეს მოტივი მის შმოქმედებას წითელი ხაზივით გასდევსო, რომ ვთქვა, უფრო სწორი იქნება:
ნეტავი ვიცოდე, სადა ხარ,
ღრუბლებში, ტალღებზე, ფოთლებზე...
დაგეძებ, უფალო, არ ჩანხარ,
იდუმალ ჩამესმის: - მომძებნე!
(შთაგონებას)
ბრძენს უთქვამს, თუ იესო ქრისტე შენს სულში ერთხელ მაინცა არ გაჩნდა, ბეთლემში ასჯერაც რომ დაიბადოს, ამას შენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ბელა ქებურიას სულში იგი დიდი ხნის წინ დაიბადა და მას მარად ეხმარება ღვთიური სხივის ძიებაში.
და უფლის თვალზე,
ცის მაღალ თაღზე
დაგორდა წვიმის
პატარა წვეთი...
რა უცნაური წვიმაა... ამბობ,
გპასუხობ -
უფლის ცრემლია - მეთქი!
(წვეთი)
ბოლოს ესეც მინდა ვთქვა: როგორც ყველა ქართველისათვის ბელა ქებურიასთვისაც სამშობლო თვალის ჩინივით სათუთია, აი ეს ლექსიც ამგვარი დამოკიდებულების საუკეთესო ნიმუშთაგანია:
გ-იმზერ...
გ-ეხები...
გ-ისუნთქავ...
გ-ისმენ...
გ-ისინჯავ ცრემლის ფერსა და გემოს,
ალბათ დამეხშო ხუთივე გრძნობა,
ან ეს შენ არ ხარ, მამულო ჩემო!
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.